ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 17 წელი სრულდება.
ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავენ. ხვალ, საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში აფხაზეთში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
საქართველოში ღონისძიებები დღეიდან დაიწყება. პარაკლისს გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან გადაიხდიან. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, მემორიალთან დღეს, 23:00 საათზე, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბებიან, ისინი პანაშვიდს დაესწრებიან და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ. 00.00 საათზე, გმირთა მოედანზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია და მთავრობის წევრები მივლენ და მომორიალს ყვავილების გვირგვინით შეამკობენ. ამაღამ, 00:00საათზე, განმუხურის მშვიდობის ხიდზე სამშვიდობო აქცია - "გადაძახილი მსოფლიოს" გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, "გადაძახილი მსოფლიოს" მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიციაა, რომლის მთავარი მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ დაანახოს, რუსული აგრესიის შედეგები და აფხაზ ერს შერიგებისკენ მოუწოდოს.
ხვალასევე, 27 სექტემბერს აფხაზეთის მთავრობას ინიციატივით, ხსოვნის საღამო რკინიგზელთა კულტურის სახლში მოეწყობა. საღამოზე გია ბარამია ომის ვეტერანებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს შეხვდება და რამდენიმე ოჯახს ფულად დახმარებას გადასცემს.
14:00 საათზე კი თბილისში, "გამარჯვების პარკში" "ქართული ლეგიონის" მიერ ორგანიზებული სახალხო თავყრილობა მოეწყობა, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელები მივლენ.