დღეს, 25 სექტემბერს, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი კახეთში "რთველი 2010"-ის მიმდინარეობას მოინახულებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ბასი ყვარელის მუნიციპალიტეტს ეწვევა და რთველში თავადაც მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოს დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში სულ 85 584 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. აქედან 58 419 ტონა რქაწითელია, 22 831 ტონა საფერავი და 4 335 ტონა ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი. ყურძნის ყველაზე მეტი მოსავალი - 21 180 ტონა გურჯაანშია მოსალოდნელი. 2 958 ტონა ყურძენს ელიან დედოფლისწყაროს რაიონში, 5 155 ტონას ახმეტის რაიონში, 16 400 ტონას ყვარლის რაიონში, 5 907 ტონას ლაგოდეხის რაიონში, 9 088 ტონას სიღნაღის რაიონში, 10 507 ტონას თელავის რაიონში, 14 389 ტონას საგარეჯოს რაიონში. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რთველის სუბსიდირებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 6,1 მილიონი ლარი გამოიყო.