ალბათ, ყველას გვსმენია, მსოფლიოს შვიდი საოცრების შესახებ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გვიამბობდა მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციების ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებების შესახებ.
ჩვენთვის ყველაზე კარგად ცნობილი სიის უძველესი ვერსია, გადმოცემის თანახმად, ძველი წელთ აღრიცხვის მე-2 საუკუნეში ანტიპატე სიდონელმა შექმნა. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ.
ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში.
მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს სია:
ხეოფსის პირამიდა
ბაბილონის დაკიდული ბაღები
არტემიდეს ტაძარი ეფესოში
ზევსის ქანდაკება ოლიმპოში
ჰალიკარნასის მავზოლეუმი
როდოსის კოლოსი
ალექსანდრიის შუქურა
ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების ტრადიციით მრავალი სხვა სიაც შექმნილა, რომლებიც ადამიანთა მიერ საინჟინრო მიღწევათა გარდა ბუნებრივ საოცრებებსაც შეიცავს. თუმცა ეს სიები უფრო არაფორმალურია და მათზე რაიმე კონსენსუსი არ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან, გარდა ხეოფსის პირამიდისა, არცერთი არ არის შემორჩენილი და ისინი სამუდამოდ დიდებული წარსულის კუთვნილებები გახდნენ.
ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ 2007 წელს ჩატარდა გლობალური კონკურსი ახალი მსოფლიოს შვიდი საოცრების შესარჩევად. კონკურსში, სადაც 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, შეირჩა ახალი მსოფლიოს შვიდი საოცრება.
ახალ საოცრებათაგან რამდენიმე ძველი მსოფლიოს ცივილიზაციის ქმნილებაა, თუმცა ისინი დღესაც აგრძელებენ არსებობას და დამთვალიერებელთა გაკვირვებას.
მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების ადგილმდებარეობა
მოდით, ვნახოთ მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება
ჩიჩენ-იცა, მექსიკა
მაიას ცივილიზაციის ყველაზე ცნობილი სიმბოლო. არქეოლოგები თვლიან, რომ ჩიჩენ-იცა წარმოიქმნა, როგორც მაიას ცივილიზაციის მთავარი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი, დაარსდა ახალი წელთაღრიცხვის დაახლოებით მე-7 საუკუნეში და ვითარდებოდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.
ჩიჩენ-იცას ნანგრევები ამჟამად მექსიკის ფედერალური მფარველობის ქვეშაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
ქრისტეს ქანდაკება, ბრაზილია
იესო ქრისტეს ცნობილი ქანდაკება, რომელიც მდებარეობს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, კორკოვადოს მთაზე.
ქანდაკება პარიზში დამზადდა, რადგან ასეთი დიდი ქანდაკების შექმნა იმ დროისათვის ბრაზილიაში შეუძლებელი იყო, ამიტომ ყველა დეტალი და კარკასიც კი საფრანგეთში შეიქმნა.
მშენებლობამ ცხრა წელს გასტანა (1922-1931) და 250 000 აშშ დოლარი დაჯდა.
1931 წლის 12 ოქტომბერს, ქრისტეს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლე 30 მ-ია, თუ არ ჩავთვლით 8 მეტრიან კვარცხლბეკს.
კოლოსეუმი/კოლისეუმი, იტალია
გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი. ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს.
კოლოსეუმი მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვნივ და მისი მშენებლობა დაიწყო 70-72 წლებში იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორი დომიციანეს ზეობისას.
კოლოსეუმი რამდენიმეჯერ დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.
ჩინეთის დიდი კედელი
ჩინური სამხედრო ნაგებობა, უდიდესი არქიტექტურული ძეგლი.
იგი მდებარეობს ჩრდილოეთ ჩინეთში და მიუყვება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 8851,9 კმ-ის სიგრძეზე. გარკვეულ მანძილზე კედელი უახლოვდება პეკინს.
სხვა მონაცემებით, კედლის სიგრძე თავიდან ბოლომდე ყოფილა 21 196 კმ.
მაჩუ-პიქჩუ
XV საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე.
არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ-პიქჩუ აშენდა, როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის (1438--1472) მამული.
მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის" სახელით. მთელ მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება. მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ინკების იმპერიის ძლიერების პიკზე.
მაჩუ-პიქჩუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
პეტრა
ქალაქი, რომელიც თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე ზღვის დონიდან მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
სწორედ ამ ძველებურ საოცარ ქალაქში გადაიღეს ცნობილი ფილმი „ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ომი".
პეტრას განუმეორებელი არქიტექტურა, ქვაში ნაკვეთი ჰარმონიულობა და ქვის უნიკალური ფერი (ვარდისფერი), არის ის მახასიათებლები, რომლისა გამოც უწოდებენ ამ ძეგლს უნიკალურს.
შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.
თაჯ-მაჰალი
მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში. აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.
თაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.