საქართველოში დაბადებული აზერბაიჯანელი, რუსეთის მოქალაქე, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე ვიდადი აბასოვი საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ ვიდადი აბასოვმა განუცხადა, ქართველმა მესაზღვრეებმა 10 ივლის საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.
„საქართველოში, ბოლნისში მამაჩემი ცხოვრობს, რომელიც 82 წლისაა და ახლა მძიმე ავადმყოფია. მის სანახავად მოვდიოდი, ზემო ლარსის საზღვარზე ქართველმა მესაზღვრებმა ქვეყანაში შემოსვლაზე უარი მითხრეს. მიზეზი არ უთქვამთ. დოკუმენტში, რომელიც საზღვარზე მომცეს, წერია რომ მე ვერ დავაკმაყოფილე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. თუმცა ჩემთვის უცნობია, რა მოთხოვნები ვერ დავამკაყოფილე. ბოლოს საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში ვიყავი და არანაირი პრობლემა არ შემქნია“, - უთხრა „ჯი-ეიჩ-ენს“ აბასოვმა და თქვა, რომ მან დახმარებისთვის საქართველოს პეზიდენტს წერილით მიმართა.
„მე, საქართველოში დაბადებული რუსეთის მოქალაქე ვადიდ აბასოვი ვცხოვრობ ქ. ნიჟნი ნოვგოროდში. ვარ რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი, პოლიტოლოგი. ადრე საკუთარი ღია და საჯარო პროქართული პოზიციის გამო გარიცხული ვიყავი ყველა სახელმწიფო სტრუქტურიდან, რასაც, გულწრფელად არ ვნანობ. მე შესაძლებლობების ფარგლებში სამშობლოს მიმართ საკუთარ მოვალეობას ვასრულებს. შიდაქართულ პოლიტიკურ პროცესებში არასოდეს ჩავრეულვარ და, შესაბამისად, აზრიც არ გამომითქვამს. ჩემი საქმიანობა საქართველოს რესპუბლიკის ინტერესების პროპაგანდაა. რამდენადაც ცნობილია, თითქმის ერთადერთი საჯარო მოხელე ვარ რუსეთის ფედერაციაში, რომელიც კრემლსა და საქართველოს ოკუპაციას აკრიტიკებს. ქართულ საზოგადოებაში ცნობილი ვარ, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ადამიანი, რომელსაც ყველა პოლიტიკურ და საჯარო პლატფორმაზე ჩემი საქმიანობა ადასტურებს.
თუმცა ორი დღის წინ, 10 ივლისს, ზემო ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ქართველმა მესაზღვრეებმა არ შემომიშვეს საქართველოში. ამჟამად ჩემი 82 წლის მამა მძიმე ავადმყოფია და ბოლნისში ჩემს ჩამოსვლას ელოდება.
დაბეჯითებით გთხოვთ, ჩაერიოთ საქმის ვითარებაში, რომელსაც ნონსენსური ხასიათი აქვს.
პატივისცემით,
საქართველოში დაბადებული და საქართველოს პატრიოტი ვადიდ აბასოვი“, - წერია საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში.


