თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.
საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ პროცესზე შესავალი სიტყვა წარადგინა.
„დღეს დაიწყო არსებითი განხილვა ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე და შესაბამისად, ბრალდების მხარემ წარადგინა შესავალი სიტყვა. ჩვენ მიმოვიხილეთ საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულება და ამასთან ერთად, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გადასინჯა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის მართლზომიერების საკითხი. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და პოზიცია – ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა.
რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია დაახლოებით 150 მოწმის გამოკითხვის ოქმი, რომელთა დაკითხვა მოხდება საქმეზე არსებითი განხილვისას. ასევე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ათეულობით წერილობითი მტკიცებულება და ვიდეოჩანაწერები, ნივთიერი მტკიცებულებები. მას შემდგომ, რაც გამოკვლეული იქნება ყველა მტკიცებულება, წარვადგენთ დასკვნით სიტყვას და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების გამოკვლევას მოვახდენთ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს მხრიდან მიღებული იქნება ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
დანაშაული 13- დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.
მიხეილ კალანდიას 2019 წლის 6 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა.
კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით 2019 წის 4 ივნისს დააკავა.სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 3 ივნისს საქმეზე განაჩენი გამოიტანა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად.
16 წლის მოსწავლეები - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისის №51–ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის ჩხუბის დროს დაჭრეს. დავით სარალიძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ლევან დადუნაშვილი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი - გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლოს დღემდე არ დაუსახელებია დავით სარალიძის მკვლელი. სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მკვლელის დადგენასა დ დასჯას მოითხოვს. ის ფიქრობს რომ ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ. პროტესტის ფონზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, შსს-მ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია.
საპარლამენტო კომისიამ, ვერ დაადგინა, ვინ მოკლა დავით სარალიძე, თუმცა, გამოითქვა ვარაუდი, რომ მკვლელობაში კიდევ ერთი მოზარდი მონაწილეობდა.
2 არასრულწლოვნის მიმართ საქმე სააპელაციო ინსტანციაშია. პირველმა ინსტანციამ მათ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა - ერთს დანაშაული სარალიძის განზრახ სხეულის დაზიანებით დაუკვალიფიცირა, მეორე კი სარალიძის ნაწილში სრულად გაამართლა, მაგრამ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
მკვლელობის საქმეს შს მინისტრი ხელმძღვანელობს.
2019 წლის 22 მაისს ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დ.ღ.-ს განაჩენი გამოუტანეს. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.