გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე აფხაზეთთან დაკავშირებული სიუჟეტი ისტორიული ფაქტების დამახინჯებით გავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს, რომელმაც უკვე მიმართა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ხელმძღვანელობასა და რეპორტაჟის ავტორს.
"გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოახდინა შესაბამისი რეაგირება 21 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტთან „აფხაზეთი - თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე“ დაკავშირებით. ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო, ოფიციალური წერილი გაეგზავნა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და რეპორტაჟის ავტორს. წერილში მითითებული იქნა, რომ სიუჟეტში დამახინჯებულია ისტორიული ფაქტები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში - არსებული ვითარება არაა სათანადოდ წარმოჩენილი.
საქართველოს საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალყურს გერმანულ მედიაში საქართველოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს შესაბამის ზომებს.
საელჩო დიდი კმაყოფილებით იღებს ცნობად საქართველოს მოქალაქეების სიფხიზლესა და ყურადღებას, რომელიც აღნიშნული სიუჟეტის ეთერში გასვლამ გამოიწვია და მადლობას უხდის ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ზემოთ ხსენებულ საკითხში.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დიპლომატიური არხების მეშვეობით აქტიურად მუშაობს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შედეგებს უახლოეს მომავალში გაცნობებთ", - აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.