თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით მუშაობს, _ ამის შესახებ "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
"თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2008-2009 წლებში საქალაქო ბიუჯეტიდან მიღებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის შემოწმება-ანალიზის შედეგები გვარწმუნებს, რომ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მუშაობაში იკვეთება სერიოზული ნაკლოვანებები და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევები. მაგალითად: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოთხოვნათა საფუძველზე მერიის მიერ ჩატარებული ტენდერები უმეტეს შემთხვევაში ფიქტიურია. ანალიზისათვის წარმოდგენილი ყველა ტენდერის მასალების შეფასებაში სარევიზიო კომისიის დასკვნები იდენტურია. კერძოდ, აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება, თუ რამდენი პრეტენდენტი მონაწილეობდა ტენდერში და Hჰყავდა თუ არა გამარჯვებულ კომპანიას კონკურენტი", - აცხადებს აბაშიძე.
ამასთან, აბაშიძემ 10 კომპანია წარმოადგინა, რომლებმაც კონკურენტის გარეშე ტენდერებში გაიმარჯვა.
საკრებულოს დეპუტატის მტკიცებით, ამ კომპანიებმა შემდეგი ოდენობის საბიუჯეტო სახსრები მოიპოვეს - შპს "გამა პლიუსი" - 59812 ლარი; შპს "ბლექ სი გრუპი" - 1451613 ლარი და 106 7560 ლარი, სულ - 2.519 მლნ ლარი; სს "თბილისი" - 140 7805 ლარი; შპს "ჯეთფაჩერ-ჯორჯია" - 792 000ლარი; შპს "გერმანულ-ქართული სამშენებლო საზოგადოება" - 915 895 ლარი; შპს "კოლხი" - 876 291 ლარი; შპს "ლაბორატორია" 790 290 ლარი და 349.766 ლარი, სულ - 1.14 მლნ ლარი; შპს "თბილგანათება" - 1.295 509 ლარი; შპს "მამული" - 279 995 ლარი; შპს "სანიაღვრე მეურნეობა" - 866 917 ლარი, 199 915 ლარი, 1099984 ლარი, და 7760 ლარი, სულ - 2.175 მლნ ლარი.
"შემოწმების მასალებიდან დგინდება, რომ თითქმის 12 მლნ ლარი ამ კომპანიებზე განაწილებულია უკანონო ტენდერების გზით", - განაცხადა მან.