საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე საქართველოს კონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმიანება და ქართულ ეკონომიკას სამხრეთ კორეის მოდელს ადარებს.
მისი აზრით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა კორეის მაგალითის აღებით შეიძლება. ეს გულისხმობს ტრადიციულ ბაზრებზსა და დარგებზე უარის თქმას და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას.
„სამხრეთ კორეა, 60 წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, დღეს მე-12 ეკონომიკის სიდიდით, 40,000 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, საშუალო ხელფასი 2,400 დოლარი, 600 მილიარდი დოლარის ექსპორტით, მთავარი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, ამერიკა, იაპონია, გერმანია და ა.შ.
სამხრეთ კორეის ეკონომიკის მინისტრი მსოფლიო საინვესტიციო ფორუმზე: “ჩვენ ქვეყანას რომ ეკონომიკური დივერსიფიკაციის გზა არ აერჩია და ტრადიციულ ბაზრებს/დარგებს გაჰყოლოდა, დღეს ის კვლავ ბრინჯის მწარმოებელი ქვეყანა იქნებოდა.”
საქართველო, ეკონომიკის სიდიდით 118 ქვეყანა, 10,000 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე (სულ რაღაც 1994 წელს იყო კორეა ამ დონეზე), საშუალო ხელფასი 350 დოლარი, 4 მილიარდი ექსპორტი, მთავარი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და ა.შ.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გურჯაანში ფერმერებთან შეხვედრაზე: “ჩვენთვის ტრადიციული ბაზარი, რუსული ბაზარია.”
ჰოდა ისევ დიდი ქართველის ნიკო ნიკოლაძის ციტირებით დავამთავრებ: “უცოდინრობაა ჩვენი მომრევი და არა მრავალრიცხოვანი მომხდური”,- წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.