იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბეთლემის ტაძარი, რომელიც გადმოცემის თანახმად, იმ ადგილზე არის აგებული, სადაც მაცხოვარი იშვა, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო.
გადაწყვეტილება ამის შესახებ ორგანიზაციამ 30 ივნისს, იუნესკოს 43-ე სესიის კომიტეტზე მიიღო, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალქში, ბაქოში მიმდინარეობს.
კომიტეტის გადაწყვეტილება, მაცხოვრის შობის ტაძრის, მისი სახურავის, გარე ფასადის, მოზაიკისა და კარების აღდგენითი სამუშაოების მაღალი ხარისხით ჩატარების გამო იქნა მიღებული.
მაცხოვრის შობის ტაძარი მდებარეობს ბეთლემში, სადაც, გადმოცემის თანახმად, იშვა იესო ქრისტე. იგი 2012 წელს იუნესკომ აღიარა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად და გახდა პალესტინის პირველი ძეგლი, რომელიც აღიარეს მსოფლიო მემკვიდრეობად.
აღსანიშნავია, რომ იუნესკომ აღნიშნული ძეგლი, იმავდროულად მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაშიც შეიტანა.
ბაქოში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 43-ე სესია 10 ივლისამდე გაგრძელდება.