საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მოსამართლეებთან პირველი შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისათვის საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
"მოხარული ვარ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების ქსელის სრული და ძალიან დაფასებული წევრია. ეს ჩვენი ევროპაში შესვლის ერთ-ერთი ფორმაა, სექტორული გაწევრიანება. ამ ქსელში დიდი ნდობით სარგებლობს ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო და ეს ჩვენთვის ყველასთვის საამაყოა",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი და ფოტოგამოფენა ,"საქართველოს პირველი რესპუბლიკა" დაათვალიერა.