გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობა მეხუთე დღეა 17 წლის გიგა ელიზბარაშვილს ეძებს. როგორც დაკარგულის დედამ ვერიკო გოჩიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, გიგა იმავე სოფელში ბიძამისის რთველში იმყოფებოდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
„საღამოს სახლში ქეიფობდნენ. გიგა გარეთ გასულა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. მეხუთე დღეა უშედეგოდ ვეძებთ. პოლიცია არაფერს არ აკეთებს", - ამბობს ვერიკო გოჩიაშვილი.
გიგა ელიზბარაშვილის მეგობრის ლევან ცაცაბაშვილის თქმით, ის და გიგა მთელი დღის განმავლობაში ერთად იყვნენ. „გიგას ჯიბეში ფული არ ჰქონია. არაფერი უთქვამს. ყურძნის კრეფაში ვეხმარებოდით ბიძამისს. საღამოს კი სახლიდან გავიდა და დაიკარგა", - აღნიშნავს ლევან ცაცაბაშვილი.
მომხდართან დაკავშირებით შს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.