გუშინ, სამდღიანი დაძაბული და ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირის საკვანძო თანამდებობების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე 60 წლის პოლიტიკოსი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი წარადგინეს.
იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი დაამტკიცებს ფონ დერ ლეიენის კანდიდატურას, ის გახდება პირველი ქალი, რომელიც ევროკავშირში ევროკომისიის პრეზიდენტის უმაღლეს პოსტს დაიკავებს.
ურსულა ფონ დერ ლეიენი 2013 წლიდან იკავებს გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტს. ის პირველი ქალია გერმანიის ისტორიაში, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა. ფონ დერ ლეიენი გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ფავორიტად არის მიჩნეული და მას მერკელის შემდეგ კანცლერის პოსტის დაკავებას უწინასწარმეტყველებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ურსულა ფონ დერ ლეიენი პოლიტიკაში მოგვიანებით ჩაერთო, მისთვის პოლიტიკა უცხო არ ყოფილა. მამამისი ერნსტ ალბერტი ქვემო საქსონიის მინისტრი იყო და ევროკავშირში, სხვადასხვა დროს, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.
13 წლის ასაკში, ფონ დერ ლეიენის ოჯახი ბრიუსელიდან გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. ურსულა ფონ დერ ლეიენმა ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში მიიღო განათლება, მოგვიანებით სამედიცინო სასწავლებელი დაამთავრა ჰანოვერში.
ურსულ ფონ დერ ლეიენი ბრწყინვალედ ფლობს გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს შვიდი შვილი.
იგი 43 წლის ასაკში შეუდგა პოლიტიკურ მოღვაწოებას, როდესაც გახდა მერკელის კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი.
2001-2004 წლებში სხვადასხვა თანამდებობებს იკაევბდა ჰანოვერის რეგიონში. 2003 წელს ქვემო საქსონიის პარლამენტის წევრად აირჩიეს. იკავებდა ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის თანამდებობას.
2005 წელს მან უფრო ფართო პოლიტიკურ ლანდშაფტზე გადაინაცვლა, როდესაც ანგელა მერკელმა საოჯახო საქმეთა, ქალთა და ახალგაზრდულ საკითხთა ფედერალურ მინისტრად დანიშნა.
4 წლის შემდეგ, აირჩიეს ბუნდესტაგის, გერმანიის ფედერალური პარლამენტის, წევრად. 2013 წლამდე იკავებდა გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური მინისტრის თანამდებობას.