დღეს, 23 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - "ომბუდსმენის ინსტიტუტის როლი და გავლენა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ომბუდსმენის ოფისიდან აცნობეს, კონფერენცია სმოლენსკის ტრაგედიის დროს დაღუპული პოლონეთის ომბუდსმენის, დოქტორ იანუშ კოჩანოვსკის ხსოვნას ეძღვნება. ღონისძიებაზე სპეციალურ სტუმრად მიწვეულია პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ურსულა დოროშევსკა. კონფერენციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პერ ეკლუნდიც დაესწრება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შვედეთის, სომხეთის, ესპანეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის და სერბეთის ომბუდსმენები, პოლონეთის და ჩეხეთის ომბუდსმენების მოადგილეები, დანიის, ყაზახეთის, რუმინეთის, ალბანეთის და ბოსნია და ჰერცოგოვინას ომბუდსმენის ოფისების წარმომადგენლები, გერმანიის პარლამენტის წევრები, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და სამართლებრივ საკითხთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე განიხილავენ ომბუდსმენის როლს არსებული კანონმდებლობის და პრაქტიკის ზედამხედველობაში, ომბუდსმენისთვის სასამართლოების პროცედურული და ადმინისტრაციული საქმიანობის მეთვალყურეობის ძალაუფლების მინიჭების დადებითი და უარყოფითი მხარეებს, ომბუდსმენის საქმიანობის ზემოქმედება საუკეთესო პრაქტიკა და ძირითადი გამოწვევები ქმედითი ფუნქციონირებისათვის.
ღონისძიება ევროკავშირის პროექტის "სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა" მიერაა დაფინანსებული.
კონფერენცია 24 სექტემბერს დაიხურება.