საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება პროპორციული არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო ინიციატივას. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა "ათონელის სასახლეში" გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სალომე ზურაბიშვილი მიესალმება მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ინიციატივას პროპორციული არჩევნები 2020-ის თაობაზე კონსულტაციების დაწყებას. პოლიტიკური დიალოგი არის გზა შიდა დეესკალაციისა და საზოგადოებრივი თანხმობისკენ", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
პოლიტიკური დიალოგისკენ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ძალებს 21 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა და ქვეყანაში ვითარების განსამუხტად, საკონსულტაციოდ და კონსენსუსის მისაღწევად, პირადი ჩართულობა შესთავაზა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს პოლიტიკური დიალოგი საპარლამენტო სივრცეში მიმდინარეობს, რაც მისასალმებელია.