წელიწად-ნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" აჭარის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზურაბ ავალიანი, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბურჯანაძის პარტიიდან აცნობეს.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, თავის დროზე, სააკაშვილის რეჟიმმა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მიმართ ტერორი ზურაბ ავალიანის დაპატიმრებით დაიწყო და შემდგომ ყველა უკანონო მეთოდის გამოყენება გააგრძელა.
"ზურაბ ავალიანი მხოლოდ იმიტომ ჩასვეს ციხეში, რომ იგი "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო და რეგიონში პარტიის დასაყრდენ ძალას წარმოადგენდა. ხელისუფლებამ, რომელმაც ავალიანს სახლში მათ მიერვე შეზიდული მთელი საბრძოლო არსენალი "აღმოუჩინა", ბრალი ლამის სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობაში დასდო", - ნათქვამია ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" ზურაბ ავალიანის "უკანონო პატიმრობისა და სხვა ანალოგიურ ფაქტებთან დაკავშირებით ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს".
"სამართალს, საქართველოში თუ ვერა, ევროსასამართლოში ვიპოვით", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.