23-26 სექტემბერს ლონდონის "რივერსაიდ სტუდიო" ქართული კინოს ფესტივალს მასპინძლობს. გაერთიანებულ სამეფოში ეს ფესტივალი მეორედ იმართება.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანულ-ქართული საზოგადოება, საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა.
ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ყველა დროის საუკეთესო ქართული ფილმები - კლასიკა და თანამედროვე ეროვნული კინოწარმოება. პროგრამას უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი რეჟისორების ნამუშევრები შეავსებს.
ინგლისში ქართული კინოს არაკომერციული ფესტივალი პირველად ბრისტოლში 2008 წელს ჩატარდა. ფესტივალის მიზანია, ბრიტანელი აუდიტორია გაეცნოს ქართულ კინემატოგრაფს. ამით მოხდება ქართველი რეჟისორების ფილმების პოპულარიზაცია. ფესტივალი ასევე ორიენტირებულია, ლექციებისა და დისკუსიების გზით მოხდეს ბრიტანელი და ქართველი ხალხის დაახლოება.
ხელოვნების და მედიის ცენტრი "რივერსაიდ სთუდიო" მდინარე ტემზის სანაპიროზე ჰამერსთიმში მდებარეობს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კულტურულ ცენტრი ევროპაში. აქვს სტუდიები, კინოთეატრი, გალერეები, კაფეები.
ეროვნული კინოცენტრიდან ლონდონში ქართული კინოს ფესტივალზე გაემგზავრებიან დირექტორი - თამარ ტატიშვილი და დისტრიბუციის და ექსპორტის მიმართულების მენეჯერი - ნინო ანჯაფარიძე.
23 სექტემბერს ნაჩვენები იქნება "ქართველი მგოსნის, აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" (დოკუმენტური ფილმის აღდგენილი ვერსია, ვასილ ამაშუკელი); "ქუჩის დღეები" (ლევან კოღუაშვილი);
24 სექტემბერს - "ჯიმ შვანთე" (მიხეილ კალატოზიშვილი) და "შანტრაპა" (ოთარ იოსელიანი) ლონდონური პრემიერა;
25 სექტემბერს - მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "ფელიჩიტა"(სალომე ალექსი-მესხიშვილი), "აპრილის სუსხი"(თორნიკე ბზიავა); გამცილებელი" (სანდრო ჯანდიერი); "სუსა" (რუსუდან პირველი); "ნატვრის ხე" (თენგიზ აბულაძე); "სამი სახლი" (ზაზა ურუშაძე); დოკუმენტური ფილმი - "ქართული სიმღერები" (ჯეისონ ოსბორნი); ცოცხალი პერფორმანსი "თაბუნი" - მომღერალ ქალთა გუნდი;
26 სექტემბერს _ მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "ახალგაზრდა სიყვარული", "კარუსელი" "ქოლგა", "მუსიკოსები," "გზაზე"; "გასროლის შიში" (დიტო ცინცაძე), "ზოგი რამ საქართველოს შესახებ" (ნინო კირთაძე); "ფიროსმანი," (გიორგი შენგელაია); "გაღმა ნაპირი" (გიორგი ოვაშვილი).