"რესპუბლიკეური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი საცხოვრებლების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით საკრებულოს წევრმა ქეთევან წამებულის 71ა-ში ბრინფინგი გამართა.
"აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გაუსაძლისი მდგომარეობა თბილისის საკრებულოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ყოფილი მე-11 ბრიგადის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა სამხედრო ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომის მონაწილეები და საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული პირები არიან", - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებებით, აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებული პირებისთვის დიდი ხანია საცხოვრებლების საკუთრებაში გადაცემა უნდა მომხდარიყო, თუმცა "ისე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევებში, ამჯერადაც მრავალჯერ დაირღვა კანონის მოთხოვნები და 40-მდე ოჯახი ბედის ანაბარადაა მიტოვებული".
"რესპუბლიკელები მოვითხოვთ, ერთი მხრივ, დაუყოვნებლივ დაიწყოს ქეთევან წამებულის 71-ში მცხოვრები პირებისთვის საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემის პროცედურა, მეორე მხრივ, აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია გათვალისწინებულ იქნეს 2011 წლის თბილისის ბიუჯეტში", - აღნიშნა ხიდაშელმა.