საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სტრასბურგიდან გამოეხმაურა, სადაც ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იმყოფება.
"არ ვარ საქართველოში, სტარსბურგში ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩემი გამოცდილებით ყველაზე მძიმე და დამღლელი სესიაა, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა (მიზეზები გასაგებია). მაგრამ ახლა სხვა რამის დაწერა მინდა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე - სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს!", - დაწერა სოფიო ქაცარავამ სოციალურ ქსელში.
დღეს, საქართველოს პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.
ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა. პროტესტის ნიშნად, პლენარულ სხდომას არ ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები.
⭕ ამავე თემაზე
დეპუტატები, რომელთაც მხარი (არ) დაუჭირეს ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას