ოპოზიციური პარტიების ლიდერების, პარლამენტთან გამართულ საგანგებო ბრიფნგზე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება გადავიდა ბოლშევიკურ ტერორზე.
„იმის მაგივრად, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ კოლაბორაციონისტურ ხელისუფლებას დაეწყო პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი, ამის მაგივრად დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. უკვე გამოაცხადეს, რომ აპატიმრებენ კონსოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. დამიჯერეთ, ეს ბოლო დაპატიმრება არ არის. თუ შედგა ეს დაპატიმრება, ამას კიდევ ბევრი სხვა დაპატიმრება მოჰყვება. იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი ახლა განწირული ხელისუფლებისთვის არის ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ქუჩაში ერთმანეთის თავპირის მტვრევაზე. ნიკა მელიას ქმედებაში არ იყო არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული, ნიკა მელია გამოიტანეს ხელით პარლამენტიდან და ჩამოუშვეს ქვემოთ ქუჩაში და ადამიანმა ერთადერთი, რაც თქვა იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ჩვენი ხელფასით ვინახავთ," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, ამას ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოება არ აპატიებს.
„არაფერი აღარ უშველის ამ ხელისუფლებას. აღმოჩნდა, რომ სახალხო პროტესტის მეექვსე დღეს მათ ვერ გაიგეს ერთი რაღაცა. ნიკა მელიას, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", გაერთიანებულ ოპოზიცია და კონსოლიდირებული ოპოზიცია კი არ არიან დაპირისპირებულები, არიან დაპირისპირებულები საქართველოს მოქალაქესთან," - აღნიშნა ვაშაძემ.