ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრობს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წარმომადგენელმა კახა ძაგანიამ განაცხადა, ლეიბორისტების ლიდერი უკვე შეხვდა კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს.
"შალვა ნათელაშვილმა კავკასიის რეგიონში დემოკრატიის განვითარებასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე კოლუმბიის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა", - განმარტა ძაგანიამ.
მისივე თქმით, შალვა ნათელაშვილმა შეხვედრები ვაშინგტონშიც გამართა, კერძოდ მან მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოწყობილ დისკუსიაში.
"შალვა ნათელაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვა მოავლინოს მონიტორინგის ჯგუფი საქართველოში, რომელიც ადგილზე შეისწავლის სააკაშვილის ტერორისტული რეჟიმის მიერ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მკვლელობის, დევნის და რესპრესიების მრავალრიცხოვან ფაქტებს. ასევე ნათელაშვილმა დააყენა მოთხოვნა, გამოძიებული იქნას იმ ასეულობით მილიონი ამერიკული კრედიტის, დახმარების თუ გრანტის ბედი, რომელიც სრულად მიითვისა სააკაშვილის კორუმპირებულმა ხელისუფლებამ", - განაცხადა კახა ძაგანიამ.