დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ - ამ განცხადებით ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა. ელისაშვილმა მათ მანდატების დატოვებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, რუსული დელეგაციის საქართველოში ვიზიტის გამო პასუხისმგებლობა ამ საქმეში მონაწილე ყველა პირმა უნდა გაიზიაროს.
„დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ. პარლამენტის თავმჯდომარემ აი, ის შეურაცხყოფილი და შებილწული სავარძელი უნდა დატოვოს და ისიც უნდა გადადგეს და მიჰყვეს. რას ჰქვია საზღვარგარეთაა და საქმის კურსში არ იყო. ვინ შეათრია ის კაცი იმ პარლამენტის დარბაზში, ძალიან მაინტერესებს. როგორ მისცეს იქ დაჯდომის უფლება. ეს არის შეფურთხება თითოეული ქართველის. ბოდიშებს კი ნუ იხდიან, არ ვიცოდითო ივანიშვილი და სხვები, ყველამ მანდატები დაყარონ, დაიჩოქონ, ბოდიშები იხადონ. ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, პირადად, ვინც მოათრევდა ამ კაცს საქართველოში, აი, ყველამ უნდა მანდატები დატოვონ, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ", - განაცხადა ელისაშვილმა.
სასტუმრო "რედისონის" ტერიტორიაზე პოლიტიკოსები არიან შეკრებილები და რუსულ დელეგაციას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტურ პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდანსხდომას გაუძღვამ რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიცია ითხოვს პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღოს და თანამდებობდა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 19 ივნისის ღონისძიებაზე სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოვიდა. სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.