„ევროპული საქართველო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
ფრაქციის წევრების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ
ეს რაც მოხდა, ყოველგვარ ზღვარს სცდება რაციონალური პოლიტიკის, პარტიული დაპირისპირების, ფეხქვეშ გათელვას საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ინსტიტუტებისა და ეროვნული თავმოყვარეობის. დღეს ვიხილეთ ოკუპანტი სახელმწიფოს დუმის წევრი, ადამიანი, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში, რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას და აქ ჩამოსვლამდე, სამი დღით ადრე ჭკუას არიგებდა მთელს საქართველოს, რომ ყველა ერთად შევეგუოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას. დღეს ვნახეთ ეს ადამიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას, ქვეყნის კონსტიტუციით მეორე მნიშვნელობის ადგილას, რომელსაც რუსულ ენაზე მიჰყავდა სხდომა. ეს ფაქტი სცდება პარტიული განსხავებების ფარგლებს და არის შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე. მიგვაჩნია და საპარლამენტო უმცირესობის სახელით ვთვლით, რომ ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მოჰყვეს უმაღლეს დონეზე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ ოფიციალური იმპიჩმენტის პროცედურას და ამას მივიყვანთ ბოლომდე. მაგას ამას სჭირდება დრო, ამიტომ მოვუწოდებთ, თავად გადადგას ეს ნაბიჯი და ამით მოწმინდოს სირცხვილი, რომელიც დღეს ყველამ ერთად ვნახეთ პარლამენტში“, – აცხადებენ ფრაქცია „ევროპულ საქართველოში“.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტურ პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდანსხდომას გაუძღვამ რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიცია ითხოვს პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღოს და თანამდებობდა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 19 ივნისის ღონისძიებაზე სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოვიდა. სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.