"დღეს უმუშევრობის ძალიან მაღალი დონეა ქვეყანაში, მეორე მხრივ, ძალიან ბევრგან ვერ ვპოულობთ საჭირო სპეციალისტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება და კადრები უცხოეთიდან შემოდიან, ეს უნდა დავაბალანსოთ. ნაწილობრივ ეს ხელისუფლების გასაკეთებელია, რათა უფრო კარგად დაგეგმოს და მოსახლეობას წინასწარ უთხრას ეკონომიკის პრიორიტეტები, სად რა მუშახელი დასჭირდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. პრობლემა დღეს ხელოსნების ნაკლებობაა, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბორჯომში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იგი ძალიან ოპტიმისტია, რადგან ხედავს, რომ ქვეყანას დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი გააჩნია.
"ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გვაქვს შანსი ვიყოთ მოქნილი. ესეც საზოგადოების მზაობაზეა დამოკიდებული, რათა განვავითაროთ ყველაზე მთავარი- პირადი ინიციატივა, რომლის გარეშეც არაფერი არ ხდება და სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში კიდევ ის განწყობაა, რომ ელოდებიან რაღაც მითითებებს, განკარგულებებს და რჩევას. გადის დრო და ყველაზე წარმატებულები არიან ისინი, ვინც თავიანთ თავზე იღებენ ინიციატივას, მართალია რთულია საქმის დაწყება, მაგრამ არსებობს ბევრი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ძალიან ბევრი წარმატებული ქალი ვნახე რეგიონებში, რომლებიც დაუბრუნდნენ მიწას, თავიანთ რეგიონს, იმიტომ რომ აიღეს ინიციატივა, რადგან გაბედეს. ხშირ შემთხვევაში ქალები უფრო გამბედავები არიან",- განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების შესაძლებლობასა და პოტენციალზე ესაუბრა.