უახლოეს პერიოდში აშშ-სთან ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკას, ასევე სხვა მიმართულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს მხარდამჭერი აქტში კონკრეტულად არის აღნიშნული, რომ შემდეგი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
"მე ნამდვილად ვერ დავემსგავსები წინა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, რომელსაც ჯერ კონსულტაციებიც კი არ ჰქონდა გავლილი პარტნიორებთან და ისე აანონსებდნენ სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, აქედან გამომდინარე მე მოვლენებს წინ ნამდვილად არ გავუსწრებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ უახლოეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებზე იქნება ხელი მოწერილი, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკას, ასევე სხვა მიმართულებებს. ერთ-ერთ ასეთ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა ჩვენი შეხვედრის შედეგად კომერციის მდივანთან. როგორც მოგეხსენებათ, კომერციის დეპარტამენტსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ჩვენი სტრატეგია ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ წარმოგვიდგენია საქართველო, როგორც რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და ბუნებრივია ამ სტარტეგიის რეალიზაციაში მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკას აქვს თავისი განსაკუთრებული როლი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელზეც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით. ეს ასახულია მათ შორის ერთობლივ დეკლარაციაში, სადაც ნათლად არის ნათქვამი, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ცენტრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ მთავარს, რომ საქართველოში ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე.
მე ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინე, სრულიად უსაფუძვლო, რომ ჩვენ როდესაც ვაცხადებთ, რომ სწორედ საქართველო გახდება რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რომ ამის წინაპირობები არ არსებობს და ჩვენმა თითოეულმა გადადგმულმა ნაბიჯმა დაადასტურა ის, რომ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ეკონომიკები თანხმდებიან, რომ სწორედ საქართველოს აქვს ის შესაძლებლობა, რესურსი და რაც მთავარია პოლიტიკური ნება და განწყობა, რომ რეგიონის ცენტრად იყოს წარმოდგენილი მხოლოდ საქართველო. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფალ ვაჭრობაზე, ბუნებრივია, ეს არის ის, რაზეც საქართველოს მთავრობა არის სრულად ორიენტირებული.
მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის წარდგენა მოხდა, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი აქტი, სადაც წერია კონკრეტულად, რომ შემდეგი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. მაგრამ მოდით, ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული მთავრობა, არ გავუსწროთ მოვლენებს წინ. მე ვიცი და შემიძლია ავიღო სრული პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებითაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გადავა სრულიად განსხვავებულ, ახალ ეტაპზე. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.