დღეს, 22 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის განხილვას დაესწრება. პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიები მიმდინარე სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას წარმოადგენენ.
ჯანდაცვის ახალი რეფორმის მთავარი მიზანი ქვეყანაში მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაა. აშენდება 46 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფო, რომელიც უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვება და მაღალკვალიფიკაციური კადრებით დაკომპლექტდება. მშენებლობა 2011 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც პროექტით გაწერილი სამუშაოს ვადებისა და ხარისხის მონიტორინგს განახორციელებს. ინსპექტირების ჯგუფის მუშაობას ჯანდაცვის მინისტრი პირადად გააკონტროლებს.
სახელმწიფოსა და სადაზღვევო სექტორის თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ მუშაობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.