საქართველოს პრეზიდენტმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას საკითხი დააყენა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოსთან რეგიონული თანამშრომლობა არ ხორციელდებოდეს ორგანიზაციის მოსკოვის რეგიონული ოფისიდან, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ევროკავშირის ასოცირებული წევრის სტატუსი აქვს და არ არის დსთ- ს წევრი ქვეყანა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოსკოვის ბიუროდან იფარებოდეს, რომელიც დსთ-ს წევრ ქვეყნებს ფარავს.
პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ საქართველო ბუდაპეშტში არსებული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროდან დაიფაროს.
აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ჟენევაში, გაეროს ოფისში, შრომის საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან გაი რაიდერთან შეხვედრისას გააკეთა.
საუბარი შეეხო ევროკავშირის კუთხით შრომით საკითხებთან დაკავშირებულ თემებს, შრომითი მიმართულებით ევროპული ფასეულობების დანერგვისა და განვითარების საკითხებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ვერ სარგებლობს იმ რეფორმების შედეგებითა და სიკეთეებით, რასაც საქართველო ახორციელებს. მხარეებმა შეხვედრის შემდეგ საჩუქრები გაცვალეს.
საქართველოს დელეგაციას ორგანიზაციის გენერალური დირექტორმა ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა, რომელიც უმაღლესი დონის დელეგაციებისათვის გაიმართა.