საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენცია ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება.
საქართველოს პრეზიდენტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ გაი რაიდერთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ მიშელ ბაშელესთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან, გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორ მიხაელ მიოლერთან.
კონფერენციას 40 ქვეყნის ლიდერი და 187 ქვეყნის 5000 დელეგატი დაესწრება, რომლებიც თანამედროვე შრომით გამოწვევებზე, ძალადობისა და შევიწროების დაძლევის საკითხებზე იმსჯელებენ.
შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ერნა სოლბერგს. სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს ჟენევაში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში 10 ივნისს დაიწყო. პრეზიდენტი საქართველოში 12 ივნისს დაბრუნდება.