საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე თანამდებობიდან გადადგა. მან განცხადებით მიმართა სპმთპ-ის აღმასრულებელ საბჭოს და პრეზიდენტის უფლებამოსილება მოიხსნა.
უახლოეს ხანში ჩატარდება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რიგგარეშე ყრილობა, რომელიც შეუწყვიტავს მას პრეზიდენტის უფლებამოსილებას და აირჩევს ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელს. სპმთპ-ის პრეზიდენტის მოვალეობას რიგგარეშე არჩევნებამდე ასრულებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი, აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე ბატონი ალექსანდრე ბერიძე.
სპმთპ-ის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა და ყრილობის ჩატარებამდე ორგანიზაციის საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და სპმთპ-ს ერთობლივი სპეციალური კომისია, რომელიც შეიქმნა 2010 წლის 17 ივლისს და მას ხელმძღვანელობს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი პეტრიაშვილი. კომისიაში სულ 11 წევრია: სპმთპ-ის მხრიდან - 5, ხოლო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან - ის პირები, რომლებიც პროფკავშირებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში წარმოადგენენ.