საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სიეტლში ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიების სფეროსა და წამყვან ამერიკულ კომპანიებში საქმიანობენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა ინფორმაცია მიიღო მათი პროფესიული საქმიანობის შესახხებ და ხაზი გაუსვა იმ უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას, რომელსაც ისინი უმსხვილეს მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობისას იღებენ.
პრემიერ-მინისტრი ქართველ ახალგაზრდებს ასევე ესაუბრა მთავრობის გეგმაზე საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების კუთხით და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო ბიზნესის ცენტრი ფართო რეგიონში და ამის ნათელი მაგალითია ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოწინავე მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში არიან დასაქმებულნი.
პრემიერმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას ასევე ყურადღება დაუთმო განათლების მასშტაბურ რეფორმას, რომლის თანახმად, სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით, ანუ ბიუჯეტის მეოთხედით დაფინანსდება და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ეროვნული იდეა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მისცემს საშუალებას საქართველოს, რევოლუციური ტექნოლოგიების ეპოქაში იყოს ცოდნის რევოლუციის მოწინავე ხაზზე მყოფი მსოფლიო დონის ქვეყანა.