"შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.
"პირველი რიცხვია 1. საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში და მთელს რეგიონში და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 6-წლიანი ვადით. თავად არჩევნებიც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის წინსვლის გამო მრავალფეროვნებისა და დემოკრატიის მიმართულებით. მეორე რიცხვია 28. ზუსტად ამდენი წელია, გავთავისუფლდით საბჭოთა კავშირიდან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დავადექით, როგორც დამოუკიდებელი ერი. სიამაყით ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მესამე რიცხვი, რომელზეც პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, 8 000-ია, ვინაიდან, მისი თქმით, სწორედ ამდენი წლის ისტორიას ითვლის ღვინის წარმოება საქართველოში.
"არქეოლოგების კვლევების შედეგად, საქართველო მსოფლიოში მეღვინეობის სამშობლოდაა აღიარებული. საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 8 000 წლის წინ დაიწყო, დამწერლობის შექმნამდე 3 000, ხოლო რკინის ხანის დაწყებამდე 5 000 წლით ადრე. ქართული დამწერლობაც კი ვაზის ლერწმის მოხაზულობას წააგავს. ქართული წარმოშობისაა ვაზის ბევრი ჯიში, რომელიც დღეს ევროპასა და აზიაში მოჰყავთ. ამ სასმელის აღმნიშვნელი სიტყვა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში განსხვავებულადაა დამკვიდრებული, თუმცა ყველა მათგანი სავარაუდოდ ქართული ძირისაგან წარმოსდგება და ჟღერადობითაც წააგავს ღვინოს. ახლა კალიფორნიამ უკვე ბევრი რამ იცის ღვინის შესახებ. ჩემი ინფორმაციით, პირველი კალიფორნიული ღვინო 1760 წელს ჩამოისხა. თქვენ მსოფლიოში ამ სასმელის მე-5 უმსხვილესი მწარმოებელი ხართ - წელიწადში 240 მილიონი კასრი ისხმება და 75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკური საქმიანობა წარმოებს, 300 000 და მეტი სამუშაო ადგილი იქმნება - და ეს ყველაფერი კალიფორნიის ფარგლებში. სავსებით არ არის ცუდი მაჩვენებელი ორიოდე ასეული წლის მქონე საქმიანობისთვის. საქართველოში 8 000 წლის განმავლობაში ტემპი ცოტათი დაბალი იყო, თუმცა ჩვენს ღვინოს დაძველება უხდება. როდესაც ერთსა და იმავე საქმეს აკეთებ 8000 წლის განმავლობაში, საბოლოოდ ნამდვილად იხვეწები”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.