"ახლა, 8000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციისა და საბჭოთა ოკუპაციის 70-წლიანი გამოცდილების შემდეგ რუსეთს არ მივცემთ ჩვენი მომავლის განსაზღვრის უფლებას"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველები გაუტეხელი, პირდაპირი, ერთგული, ოპტიმისტი და თავდაჯერებული ხალხია, თუმცა, კვლავ გამოწვევების წინაშე იმყოფება. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, რომლის შედეგად მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი, იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
"ახლა, 8000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციისა და საბჭოთა ოკუპაციის 70-წლიანი გამოცდილების შემდეგ რუსეთს არ მივცემთ ჩვენი მომავლის განსაზღვრის უფლებას. სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს ბედისწერას და მომავლის ხედვას, რაც შემდეგ ამბიციას ეფუძნება: საცხოვრებლად, სამუშაოდ და განსავითარებლად შევქმნათ მსოფლიო დონის ქვეყანა. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ეს ნამდვილად არ მოხდება ძალის გამოყენებით. მხოლოდ დემოკრატიული გზით, შესაძლებლობების გაჩენის, განვითარებისა და ჰუმანური გზით", - განაცხადა პრემიერმა.