საქართველო პატარა, თუმცა დიდი ხედვის მქონე ქვეყანაა, რომელიც იმ გზაჯვარედინზე იმყოფება, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, უძველესი ტრადიციები - ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს და სადაც ეკონომიკური შესაძლებლობები უხვადაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ შესაძლებლობებსა და აშშ-თან მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
"განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველო ყველაზე რეფორმატორ ქვეყნად მიიჩნევა მსოფლიოში. ეს არის ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მქონე ქვეყანა რეგიონში და ფართოდ არის აღიარებული ბიზნესი კეთების სიმარტივის გამო. მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო განაკვეთების სიმცირით. კაპიტალდაბანდება ჩვენს ხალხში და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში განვახორციელეთ, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ აყალიბებს საქართველოს რეგიონის ცენტრად. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, დღეს ნატო-სა და ევროკავშირის ზღურბლზე ვიმყოფებით, სავაჭრო შეთანხმებებს ვაფორმებთ ისეთ მეგობრებთან და მოკავშირეებთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეფასებებით, საქართველო მე-6 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგით მე-7 ადგილზე ვართ ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, ხოლო ღია მმართველობაზე ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე მე-5 ადგილზე ვართ ღია ბიუჯეტის ინდექსში. ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი სწორი მიმართულებით ვითარდება - იქნება ეს პრესის თავისუფლება, ეკონომიკური ზრდა, რომელიც 5 პროცენტს აღემატება და სამეზობლოში ორჯერ მეტია, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციები თუ სხვა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.