ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში წერია, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს, ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვან დ.ს.-ს განზრახ განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად, რომელსაც საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
"2019 წლის 03 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სააპელაციო საჩივრების განხილვა 2017 წლის 01 დეკემბერს, ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ.დ.-ს განზრახ მკვლელობისთვის. ხოლო გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დ.ს.-ს მკვლელობის მცდელობისათვის.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული იქნა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ.ს.-ს მკვლელობა ჩაიდინეს გ.ჯ.-მ და გ.ბ.-მ ჯგუფურად, თუმცა გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გ.ჯ.-ს მიერ დავით სარალიძის მკვლელობის ჯგუფურად ჩადენის ნაწილში და დაადგინა: 2017 წლის 01 დეკემბერს, ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვან დ.ს.-ს განზრახ განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.
გ.ჯ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
რაც შეეხება არასრულწლოვან გ.ბ.-ს, სასამართლომ განაჩენი მის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დატოვა უცვლელი, თუმცა დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში", - წერა განცხადებაში.