ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს ღონისძიებაზე წითელი ყელსახვევები ეკეთათ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კლასის დამრიგებელი ლუიზა მღებრიშვილი ამბობს, რომ ბავშვები საქართველოს დროშის ფერებში გამოაწყვეს და ამ ღონისძიებას გარდა „ანბანის გაცილებისა“, სხვა დატვირთვა არ ჰქონდა.
"აზრადაც არ მოგვსვლია ბავშვები პიონერივით გამოგვეწყო და საბჭოთა დროინდელი დეტალი გამოგვეყენებინა. ღონისძიება 26 მაისსაც მივუძღვენით და ჩავაცვით საქართველოს დროშის ფერებში. აბა პეპლები და ფართუკები რომ არ მოუხდრბოდა? ბუშტებიც თეთრ და წითელ ფერებში გვქონდა და ლექსებსაც სულ სამშობლოზე ყვებოდნენ", - განმარტავს დამრიგებელი.
იგივეს აცხადებენ პირველკლასელების მშობლებიც.
"ყელსახვევები იმიტომ ავირჩიეთ, რომ არ აქვს ყველას საშუალება რომ შეიკერონ პიჯაკები. თეთრი მაისურები ყველას ჰქონდა, წითელი ფარდა კი მაღაზიაში ვიყიდეთ. ჩვენ, მშობლები ის თაობა ვართ, რომ საერთოდ არ ვიცით ვინ იყვნენ პიონერები", - ამბობს მშობელი ხათუნა გელაშვილი.
მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე ამბობს, რომ ამ თემით აპელირება სისულელეა: "რა პიონერი?! რატომ უნდა გახსენებოდათ პიონერები?! ფორმებს რაც შეეხება დროშის ფერებში იყვენენ გამოწყობილები. 26 მაისთან დაკაშირებით ღონისძება ჩაატარეს. როგორ კაშნს და ბენდენას მოიხვევდნენ ნამდვილად არ ვიცოდი, თუმცა თეთრი, შავი და წითელი რომ უნდა ცმოდათ ეს ვიცოდი", - ამბობს ვარდიძე.