რამდენად შეესაბამებოდა ქართველთა ეროვნულ ინტერესებს სტალინის მიერ განხორციელებული პოლიტიკა! ამის გარკვევას იმიტირებულ სასამართლო პროცესზე შეეცდება ფინალში გასული ბრალდების მხარე, 133-ე საჯარო სკოლის გუნდი ,,მთავარი“ და დაცვის მხარე, მე-11, 127-ე და 161-ე საჯარო სკოლების ნაკრები გუნდი „ლიბრა“.
სტალინი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. პლანეტის ერთი მესამედის (სოციალისტური სისტემის) ანუ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერიის მმართველი, ტირანი, დესპოტი; უდიდესი დიქტატორი, რომელსაც მსოფლიოში ტოლი არ ჰყოლია (უინსტონ ჩერჩილი); მან რუსეთი მეოცე საუკუნის ზესახელმწიფოდ აქცია (ჰენრი კისინჯერი); მასზე საბოლოო სიტყვა ისტორიის სამსჯავრომ უნდა თქვას (ავერელ ჰარიმანი).
ეს მსოფლიოში, მაგრამ ქართველებს მასთან საკუთარი შავ-თეთრი ანგარიშები აქვს, ზოგისათვის ხალხზე მზრუნველი ბელადი, ადამიანთა მოდგმის ერთ-ერთ უდიდესი პოლიტიკოსი, ზოგისათვის კი საქართველოს დიდი ღამის შემოქმედი.
უფროსკლასელთა ბრალდებისა და დაცვის გუნდები საკუთარი მყარი არგუმენტებით შეიარაღებულნი იბრძოლებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე.
ბრალდების მხარე, 133-ე საჯარო სკოლის გუნდი ,,მთავარი“: ანი გოგოძე (კაპიტანი); მარიამ ლუაშვილი; ნატალი ავსაჯანიშვილი; გიორგი ღონღაძე; სანდრო ალავერდაშვილი; ალექსანდრე ელიზბარაშვილი; თეონა კვაჭანტირაძე.
გუნდის მენტორები: პროფ. გიორგი ჩხიკვიშვილი - პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; პროფ. მაკა ტყებუჩავა - სამართლის მიმართულებით.
სტუდენტი მენტორი - ანა ტაკაშვილი.
დაცვის მხარე, მე-11, 127-ე და 161-ე საჯარო სკოლების უფროსკლასელთა ნაკრები გუნდი ,,ლიბრა“: მარიამ წეველიძე (კაპიტანი); ქეთევან დურგლიშვილი; თამარ კაპანაძე; თამარ კალანდია; ანა ლაზაშვილი; შოთა მშვენიერაძე; დათო ჩხობაძე.
გუნდის მენტორები: პროფ. ლევან ოსაძე - პოლიტიკისა და საერთაშ. ურთიერთობების მიმართულებით; პროფ. ნანა ხარაძე - სამართლის მიმართულებით. სტუდენტი მენტორი - ირინა მიქავა.
133-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ღონღაძე: პროექტი „პოლიტიკა სამსჯავროზე“ მეტად აღსანიშნავია და გამორჩეულია. სხვათაგან განსხვავებით იგი კონკრეტულად ემსახურება მოსწავლეთა სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას. სახელმწიფოს მმართველთა მიერ გატარებული პოლიტიკის შეფასებისა და განსჯის შემდეგ მოსწავლე შეიმეცნებს მოცემული ეპოქის პოლიტიკური ცხოვრების დადებით და უარყოფით მხარეებს.
105-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანა-მარია კულამოვი: პროფესორ კუპრაშვილის პროექტი „პოლიტიკა სამსჯავროზე“ არის უნიკალური პროექტი, როგორც სტუდენტებისათვის, ასევე ჩვენთვის, მოსწავლეებისათვის, ვინაიდან ის იძლევა საშუალებას მივიღოთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება კონკრეტული საკითხების გადაჭრაში. ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა გამომემუშავებინა ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიც არის საჯარო გამოსვლის ხელოვნება, პრობლემის ანალიზისა და კვლევის მეთოდები, ასევე ეს არის დიდი შესაძლებლობა ურთიერთობა გვქონდეს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პოლიტოლოგებთან, სამართალმცოდნეებთან, ისტორიკოსებთან და მივიღოთ მათგან კომპეტენტური რეკომენდაციები ჩვენი სამომავლო განვითარებისა და წარმატებისათვის.
ფრენსის მარიონის უნივერსიტეტის პროფესორი (ქ. ფლორენსი, სამხრეთ კაროლინის შტატი, აშშ) დოქტორი ელენა ესკრიჯ-კოსმაჩი: პროფესორ კუპრაშვილის პროექტი ყოველმხრივ საინტერესო პროექტია. მან მოძებნა სტუდენტების დაინტერესებისა და მათი სასწავლო და სამეცნიერო პროცესში აქტიურად და ხალისით ჩაბმის სრულიად ახლებური და ეფექტური ფორმა. ცნობილი პოლიტიკური ფიგურების მიერ წარმოებული პოლიტიკის სახელმწიფო ინტერესებთან შესაბამისობის შესწავლის, სამეცნიერო კვლევის შედეგებისა და შეძენილი უნარ-ჩვევების დემონსტრირება ხდება იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ირაკლი გაბისონია: ფაკულტეტის მიზანია სამართლისა და საერთაშორისო სპეციალობის სტუდენტები მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ და მაღალ პროფესიულ დონეზე ემსახურონ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენთან დაინერგა პროფესორ კუპრაშვილის პროექტი „პოლიტიკა სამსჯავროზე“, ეს უნიკალური პროექტი ეფექტურად ჩაეწერა ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო პროცესში და ჩვენი მიზნის მიღწევაში გარკვეული წვლილი შეაქვს. პროექტი ხელს უწყობს სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებმა ერთობლივად შეისწავლონ ცნობილი პოლიტიკოსების მიერ პოლიტიკის „კეთების“ ნიუანსები, გამოავლინონ დაშვებული შეცდომები, შექმნან დაგროვილი გამოცდილების ერთგვარი ბანკი, მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებლად ანუ ისწავლონ შეცდომებზე. ჩვენ უკვე ჩავატარეთ ქართულენოვანი 6 სამსჯავრო და 8 ივლისს ფინალში გასული გუნდები იასპარეზებენ. ხოლო, 29 ივნისს ფაკულტეტის რუსული სექტორის სტუდენტებისაგან შემდგარი გუნდები რუსულ ენაზე შეერკინენ ერთმანეთს. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დაცვის ხელოვნებას რუსულ ენაზეც ეუფლებიან საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის ჩვენი სტუდენტები. ამჯერად კი ფინალში იასპარეზებენ სასკოლო მიმართულების უფროსკლასელებით დაკომპლექტებული გუნდები. მზადდება ინგლისურენოვანი გუნდებიც.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი: სკოლის მოსწავლეები, რომლებიც პოლიტიკას ან პოლიტიკურ მოღვაწეობას ირჩევენ საკუთარი უნარისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და დაინტერესებულნი არიან ცნობილი პოლიტიკური ფიგურებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შესწავლით, იმ კონტექსტში თუ რამდენად შეესაბამებოდა მათი წარმოებული პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს; ცდილობენ გაანალიზონ ამ პოლიტიკის დადებითი და უარყოფითი შედეგები, ისწავლონ შეცდომებზე და სახელისუფლებო პოლიტიკასთან კონტაქტის შემთხვევაში, შეეცადონ წარსული შეცდომების გამეორება აღარ დაუშვან; ამისათვის თამაშის ფორმატში იქმნება ბრალდებისა და დაცვის გუნდები და იმიტირებულ სასამართლო პროცესზე მსჯელობენ, არა პიროვნების, არამედ მის მიერ გატარებული პოლიტიკის ავკარგიანობაზე. აქვე მინდა გავაკეთო პატარა განმარტება: ჟიურის მიერ ფასდება მხოლოდ სტუდენტური გუნდის მიერ ჩატარებული კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევები: ანალიზი, წყაროების მოძიება (არქივები, დოკუმენტები, ლიტერატურა...), სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების კრიტერიუმებისა და პარამეტრების მყარად არგუმენტირება, სასამართლო პროცესზე მონაწილეობის უნარ-ჩვევა, საჯარო გამოსვლისა და დებატების ხელოვნება, ქცევისა და ურთიერთობის ეთიკა, გუნდურობა და სხვ. ჟიურის მიერ არ ფასდება პოლიტიკოსი და მისი პოლიტიკა. პროექტი, მისი მიზნები და ამოცანები სრულიად გამორიცხავს პოლიტიკურ-პარტიულ პროცესებთან პიროვნული თუ ორგანიზაციული სახით რაიმე შეხებას. პროექტი მოიცავს მხოლოდ წმინდა წყლის სასწავლო-სამეცნიერო კვლევით პროცესს, რომლის შედეგებიც ჯამდება იმიტირებულ სასამართლო პროცესზე. აქ არ ხდება გათვალისწინება პოლიტიკური ფიგურისადმი სტუდენტისა და მენტორის პირადი სიმპათია-ანტიპათიის. რომელიმე პოლიტიკოსის დაცვა იქნება თუ ბრალდება ამას სტუდენტი (გუნდი) არ ირჩევს, რაც კენჭისყრით მოუწევს იმ კუთხით უნდა იმუშაოს და წარმოაჩინოს თავი️.
ჟიურის თავმჯდომარე: სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი არჩ. ფრანგიშვილი.
2019 წლის 1 ივნისი, 13 საათი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, გ.ნიკოლაძის დარბაზი.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.