სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პროკურორებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულად მიესალმა „ევროჯასტის“ პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანის, რომელიც საქართველოს სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის ეწვია.
სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში პროკურორების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურორების საქმიანობაში აუცილებელია პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და, რაც ყველაზე მთავარია - სინდისი.
"დღეს ჩვენ პროკურატურის დღეს აღვნიშნავთ და ამით ვაცხადებთ, თუ რამდენად დიდია პროკურორების როლი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს პროფესიული დღესასწაული და გისურვოთ წარმატებები. თქვენ გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობა იმისა, რომ პროკურორის პროფესიას საბოლოოდ ჩამოაშოროთ ის დაღი, რომელიც დაესვა საბჭოთა პერიოდში და რომელმაც უახლეს ისტორიაში საზოგადოებაში კიდევ ერთხელ შემოიტანა შიში. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი შესაძლებლობა, რათა გახდეთ ისეთი პროკურორები, როგორიც სჭირდება დემოკრატიულ სახელმწიფოს; სახელმწიფოს, რომელიც დგას კანონის უზენაესობასა და სამართლიანობაზე. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ტვირთი, რამეთუ საზოგადოება თქვენგან ელოდება ყველა იმ მტკივნეული საქმის გამოძიებას, რომელიც ამძიმებს ჩვენს ცნობიერებას. თქვენ დიდი წვლილი უნდა შეიტანოთ სამართლიანობის აღდგენაში. სასამართლო სისტემის მიმართ ნდობისთვის თქვენ მიმართ ნდობა აუცილებელია. ამდენად, თქვენს საქმიანობაში აუცილებელია პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და, რაც ყველაზე მთავარია - სინდისი. დღეს მე ღირსების ორდენით ვაჯილდოებ ოთხ პროკურორს, რათა ეს იყოს ნიშანი დაფასებისა და სტიმული თითოეული პროკურორისთვის, რომელიც ქვეყნის სამსახურში დგას. დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე დანაშაულის და, კერძოდ, ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ძლიერი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. იმედი მაქვს, რომ ამაში დაგვეხმარება ევროკავშირის სააგენტოსთან - "ევროჯასტთან" ცოტა ხნის წინ დადებული შეთანხმება. მინდა მივესალმო ევროჯასტის პრეზიდენტს, ბატონ ლადისლავ ჰამრანს, რომელიც დღეს ჩვენ გვერდით ბრძანდება. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე თავისუფლად შეგვიძლია სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობა. სექტორული თანამშრომლობის გზით კიდევ უფრო მეტად გამოვავლენთ საკუთარ შესაძლებლობებს, განვამტკიცებთ ჩვენს პოზიციებს და ხელს შევუწყობთ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებას. მივესალმები საქართველოს პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დროულ ინიციატივას. თანამშრომლობის ახალი პლატფორმა შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო მეტად კოორდინირებული იყოს საერთო ძალისხმევა ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. იმედი მაქვს, რომ "ევროჯასტი" მიიღებს ამ ინიციატივას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივის განხორციელება გაამყარებს ჩვენს გზას ევროპისკენ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრას ესწრებოდნენ: პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-პრემიერები გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური.