31 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა მართავს ერთობლივ კონფერენციას თემაზე - „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“.
ღონისძიება გაიმართება 31 მაისს, 10:00სთ-16:00სთ-მდე სასტუმრო „თბილისი რუმს-ში “, მისამართი: თამარ ჭოველიძის ქ. 7, ქ. თბილისი.
კონფერენციას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.
ღონისძიებაზე მთავარი გამომსვლელები არიან:
ირინა აბულაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
ქეთევან ციხელაშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
მარიამ ჯაში - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;
ზაზა ვაშაყმაძე - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე;
ღონისძიების მოდერატორი: ქეთევან ჯაყელი - ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
კონფერენციის ფარგლებში, ხელი მოეწერება ოთხმრივ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია სასწავლო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტების განხორციელება ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით. მემორანდუმი გაფორმდება შემდეგ მხარეებს შორის:
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი;
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა;
კონფერენცია მოიცავს ორ სადისკუსიო პანელს, რომლის დროსაც განხილული იქნება სახელმწიფო ენის როლი სამოქალაქო ინტეგრაციაში, სახელმწიფო უწყებების სტრატეგია ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების განხორციელების მიზნით.