ჭიათურაში 27 მაისს გამართული შეხვედრის შედეგებს მაღაროელები აფასებენ - ისინი მადლობა უხდიან საქართველოს მთავრობას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს თანადგომისთვის.
როგორც საწარმოს ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, მაღაროელები ითხოვდნენ იმას, რაც ეკუთვნოდათ. „ჩვენ ვითხოვდით, რომ ყოფილიყო პატიოსანი კაცის დაფასება, ყოფილიყო სისუფთავე ჩვენს პატარა ქალაქში და ისეთი საავადმყოფო, სადაც ნორმალურად მიხვალ და გაესინჯები. მადლობა ჩვენს მინისტრებს ჩამობრძანებისა და გვერდში დგომისთვის, ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებას, პოლიციას, გვერდში გვედგნენ თავიდან ბოლომდე, მადლობა ისევ „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს, რომლებიც წამოვიდნენ ჩვენთან დიალოგზე და წამოვიდნენ დათმობებზე, ცოტა ჩვენც წავედით დათმობებზე და მივაღწიეთ იმას, რომ ჭიათურა ისევ ცოცხლობს“ - აცხადებს თემურ შეყილაძე.
შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით ჭიათურაში ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი ჩავიდნენ. მინისტრებმა საწარმოს წარმომადგენლებთან და გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც შედგა ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ხელფასების ეტაპობრივ მატებას, ასევე გაუმჯობესებულ შრომის პირობებს.