მე დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დასრულდება იმ სულისკვეთების ფარგლებში, რომელიც არსებობს მოძმე ერებს შორის და იმ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში, რაც არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავით გარეჯთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სხვა ქვეყნების გამოცდილებითაც, მეზობელ სახელმწიფოებს შორის დემარკაცია ყოველთვის კომპლექსური პროცესია.
„დღეს ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან დავით გარეჯის ცალკეულ მიმართულებებზე იმ პრაქტიკის მიხედვით, რაც არსებობდა. მე მაქვს ერთი თხოვნა ყველასთან, მათ შორის ქართულ მედიასთან - ძალიან გთხოვთ, ეს არის ფაქიზი საკითხი და გავაშუქოთ მოვლენები იმ გარემოებების მიხედვით, რაც არსებობს რეალურად ამა თუ იმ მომენტში. ეს არის ძალიან ფაქიზი და ემოციური საკითხი ყველასთვის. ამავე დროს კომისია აგრძელებს პარალელურად მუშაობას. მოგეხსენებათ, რომ ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.