საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მამუკა ბახტაძე მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკო. დღეს მერაბ კოსტავა 80 წლის გახდებოდა.
„პირველ რიგში, მსურს ყველას მივულოცო 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, დიდი იდეა, რომელმაც მოგვიტანა ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. მერაბ კოსტავა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს თავისი სამშობლო და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. მინდა ქედი მოვიხარო მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.