BIAFF-ის გრან პრის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, დიმიტრი მამულიას ფილმი "სხვა ზეცა" გახდა.
ჟიურის სპეციალური პრიზით სამი ფილმი დაჯილდოვდა, მათ შორის, გია დიასამიძის "ინსაითი". ნომინაციაში "საუკეთესო მხატვრული ფილმი" ირლანდია-ჰოლანდიის ერთობლივმა ნამუშევარმა ურსულა ანტონიაკის ფილმმა "არაფერი პირადული" გაიმარჯვა.
რაც შეეხება ახალგაზრდული ფილმების სექციას, გრან პრი ერგო პოლონურ ფილმს, სახელწოდებით "დედა". ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისურა" თორკინე ბზიავას ფილმი "აპრილის სუსხი" დაჯილდოვდა.
ახალგაზრდული სექციიდან საუკეთესო ფილმად კატარინა კლიმკევიჩის პოლონურ ფილმი "ჰანოი ვარშავა" აღიარეს.
წელს BIAFF-ის მეხუთე, საიუბილეო ფესტივალი შედგა. საკონკურსო პროგრამა მრავალფეროვნებით გამორჩეული იყო. ძირითად სექციაში 7 დოკუმენტური და 9 მხატვრული ფილმი იყო წარმოდგენილი, ხოლო ახალგაზრდული ფილმების კონკურსის ფარგლებში 30 ფილმი წარმოადგინეს.
ფესტივალი ბათუმს ერთი წლით დაემშვიდობა ოთარ იოსელიანის ფილმით, "შანტრაპა".