საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ცხრა წლის დაჩი გულუა მიიღო.
მინისტრთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს დაჩი გულუას დედა, ნათია ანასტასიადი ავრცელებს.
„ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია“, – წერს ნათია ანასტასიადი „ფეისბუქზე“.
9 წლის დაჩი გულუამ, გიორგი გახარიას წერილით მიმართა, რომელშიც მოსწავლე შს მინისტრს საგზაო ნიშნებზე ქალთა ფიგურების დატანას სთხოვდა:
„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, ცხრა წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“, - ნათქვამია წერილში, რომელიც დაჩი გულუას დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ დაჩი გულუას წერილს უპასუხა და შეხვედრაზე მიიწვია.