სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ის ესტონეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. სამუშაო ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტთან, ესტონეთის უძველესმა გამოცემა Postimees-მა ინტერვიუ ჩაწერა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ დაიღალნენ ქართველები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების ლოდინით, საქართველოს პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
„არა. საქართველოში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების მისწრაფება არ შეცვლილა და დღესაც საქართველოს მოქალაქეთა 80 პროცენტი მხარს უჭერს ამ პოზიციას. ჩვენ ამ გზისთვის არასდროს გადაგვიხვევია და მტკიცედ ვართ დარწმუნებულნი ჩვენს წარსულსა და ფასეულობებში. გეოპოლიტიკურ ჭრილში, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვა შეკითხვის საგანიც კი არ არის“, - უპასუხა ზურაბიშვილმა პოლონურ გამოცემას.
სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისტორიის გადაწერა შეუძლებელია, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, ევროპას გაფართოება, ბერლინის კედლის დაშლის შემდგომ დაეწყო.
„ალბათ სჯობდა ევროპას გაფართოება ადრე დაეწყო, ბერლინის კედლის დაშლის შემდეგ. ეს შესაძლებლობების ფართო სპექტრს უზრუნველყოფდა. ჩვენ გვახსოვს საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლას სარკოზის ქმედებები 2008 წელს, რომელმაც ომი შეაჩერა. ამით ის ევროპას წარმოადგენდა. ჩვენ მარტოები არ ვიყავით ამ ვითარებაში“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუს მიკრო ბლოგ ტვიტერშიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპას საქართველო სჭირდება:
"მე ვფიქრობ, ევროპას ჩვენ ვჭირდებით. ჩვენ შეგვიძლია ევროპაში შევიტანოთ ახალი ენთუზიაზმი, რაც მას სჭირდება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.