საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი EURONEWS-ის მიერ გამართულ დებატებს "ხალხის ევროპა თუ პოპულისტების ევროპა" დაესწრო.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყალიბდება სხვადასხხვა მოძრაობები, რომლებიც ცდილობენ ევროპის დაშლას ან დასუსტებას.
„ოდნავ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ვარ, რადგან ევროპა, რომელზედაც უნდა გესაუბროთ, არ არის პოპულიზმის ევროპა, არ არის უკმაყოფილების ევროპა, არ არის ევროპა, სადაც ყალიბდება სხვადასხვა მოძრაობები, რომლებიც ცდილობენ მის დაშლას ან დასუსტებას, არამედ ეს არის ევროპა, რომელსაც ჩვენ ველით, რომელსაც ენთუზიაზმით ვუყურებთ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო პატარა ქვეყაბაა, რომელიც ევროპაზე ოცნებობს.
„საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც ისევ ევროპაზე ოცნებობს, ეს არის ოცნება, რომელიც თქვენ ყველას გქონდათ წლების ან ათწლეულების უკან, ოცნება, რომლითაც ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ. თუ თქვენ ჩამოხვალთ საქართველოში, თუ ეწვევით თბილისს, ნახავთ, რომ ჩვენი სახელმწიფო შენობების უმეტესობაზე აღმართულია ევროპის დროშები, ნახავთ, რომ ჩვენ არსებითად ევროპისკენ ვიყურებით”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის აზრით, ევროპაში ქართველები არიან, როგორც არალეგალურ, ასევე ლეგალურ მიგრანტებს შორის, რადგან ეს არის მათ მიერ აღქმული მომავალი.
„ქართველები ყოველდღიურად მხარს უჭერენ ევროპას. სამწუხაროდ, ქართველები არიან როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ მიგრანტებს შორის, რომლებიც ჩამოდიან ევროპაში, რადგან ეს არის მათ მიერ აღქმული მომავალი. ჩვენ, ხელისუფლება, ვაშენებთ რაც შეიძლება მეტად ევროპულ ქვეყანას, რათა ხვალ ახალგაზრდობას საქართველოში ჰქონდეს ის, რაც გაქვთ თქვენ – ცხოვრების ევროპული სტანდარტები, ევროპული სოციალური დაცვა, ევროპული გარემოს დაცვა და უსაფრთხოება, რომელიც არსებობს თქვენთან, ეს ევროპული მშვიდობა, რომელიც ევროპის ფუნდამენტია, რომელმაც ყველა გამოწვევას გაუძლო და რომელიც ზოგჯერ დღეს ევროპის მოსახლეობას იმდენად ბუნებრივი ეჩვენება, რომ არ არსებობს მისი ყოველდღიურად დაცვის საჭიროება და რომლის წყალობითაც ევროპაში შეგვიძლია თავს მივცეთ იმის ფუფუნება, რომ ვიყოთ პოპულისტური, სკეპტიკური, ანტიევროპული, რადგან ყველაფერი გარანტირებულია”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევრონიუსის მიერ გამართულ დებატებზე.