ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცენტრალური გზები გადაკეტეს სოფელ ტამიშთან და მდინარე ბზიფის ხიდზე. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა გარი არშბამ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ქმედება უკანონოა და აღიკვეთება სამართლის ძალით. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ტასი" ავრცელებს.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათის მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებისას კანონი მკაცრად უნდა იყოს დაცული. სამინისტრო შეურიგებელი ბრძოლის პოლიტიკას აწარმოებს კანონის უპატივცემულობის წინააღმდეგ და მზად არის მართლწესრიგის დასაცავად.
ოკუპირებულ აფხაზეთში, ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადადებაზე.
შესაბამისი მოთხოვნის მიზეზი ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობაა. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასლან ბჟანია მოწამლეს, რადგან არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის მოთხოვნით, მეორე დღეა სოხუმის ცენტრში, დე ფაქტო პარლამენტთან გრძელდება ოპოზიციის აქცია. მისი მონაწილეები დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც მოითხოვენ.
ფოტო: რადიო თავისუფლება