"ქრისტიან - დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის და საკრებულოს წევრის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, საქართველოში რევოლუციას არავინ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას საპროტესტო გამოსვლების ეშინია.
მისი თქმით, გარე მოვაჭრეებს მხოლოდ საკუთარი ფინანსური ინტერესი ამოძრავებთ, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე ქუჩის იერსახე გალამაზდება. ამის შესახებ გრიგოლიამ დღეს, ტაბიძის ქუჩაზე გამართულ იმპროვიზირებულ აქციაზე ისაუბრა, სადაც წიგნის, გამყიდველების, ყვალილებით მოვაჭრეებისა და სურათების გამყიდველების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.
"რევოლუციას არავინ გეგმავს, ხომ ეშინიათ ქუჩის გამოსვლების, ძალისმიერი მეთოდების, აქციების - რევოლუციას არ გეგმავენ ეს ადამიანები, ესენი აპირებენ ყვავილების ბუკეტებით გაალამაზონ ქუჩა. არავის არ უნდა ამ ქვეყანაში არეულობა. ხალხი ცდილობს იცხოვროს, მისცენ მათ ამის საშუალება. სააკაშვილისთვის კი ვარდს სხვა დატვირთა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობს მხოლოდ ერთი დატვირთვა - არა რევოლუციურად, მშვიდობიანად გადააწყვეტინონ ხელისუფლებას ის საქმე, რომელიც არის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი. არა რევოლუცია, არამედ ყვავილებით ამ ქუჩის გალამაზება", - აღნიშნა გრიგოლიამ.
ცნობისათვის, "ქრისტიან-დემოკრატები" მოითხოვენ, რომ ტაბიძის ქუჩაზე, გრიბოედოვის ქუჩასა და თსუ-ს სკვერში გარევაჭრობა დაიშვას. მათი მოთხოვნის მიხედვით, აღნიშულ ობიექტებზე ვაჭრობა მხოლოდ წიგნის, ყვავილების, სურათების და თამბაქოს გამყიდველებს შეეძლებათ. "ქრისტიან-დემოკრატები" აღნიშნული საკითხის დაყენებას საკრებულოს სხდომაზეც გეგმავენ.