სახაოლხო დამცველის აპარატი 19 მაისს გამართულ არჩევნებს ეხმიანება. როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 19 მაისს, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ადევნებდნენ თვალს შუალედური არჩევნების მიმდინარეობას,განსაკუთრებით ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესს.
„საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 19 მაისს, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ადევნებდნენ თვალს შუალედური არჩევნების მიმდინარეობას, განსაკუთრებით ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესს და კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულად რეაგირებდნენ მომხდარ ინციდენტებსა და უფლებადარღვევის ფაქტებზე. მათ მოინახულეს არაერთი საარჩევნო უბანი და შეხვდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს.
დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რაც გასული არჩევნების მსგავსად, კვლავ ფიქსირდებოდა. კერძოდ, დღის განმავლობაში სხვადასხვა საჯარო წყაროების მეშვეობით კენჭისყრის მიმდინარეობის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე. უკიდურესად მნიშვნელოვანია პასუხისმგებელი უწყებების მიერ ყველა ასეთი შემთხვევის საფუძვლიანი, სრულყოფილი და ობიექტური შესწავლა, კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი დროული და ეფექტური რეაგირება, შესაბამის პირთა იდენტიფიცირებისა და მათ მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარების მიზნით. თავის მხრივ, სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით წარმართული სამართლებრივი პროცესების ზედამხედველობას”, - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნეს, რომ პარტიების კოორდინატორების მასობრივი მობილიზება და მათ მიერ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გამოცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.
„კენჭისყრის მიმდინარეობის მონიტორინგმა ასევე ცხადყო, რომ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად საარჩევნო უბნებთან პოლიტიკური პარტიების კოორდინატორების მასობრივი მობილიზება და მათ მიერ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გამოცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება რჩება. ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან ერთად, წარსული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ საარჩევნო უნებს გარეთ შექმნილი ასეთი ვითარება უმეტეს შემთხვევაში დაძაბულობისა და სხვადასხვა ინციდენტის წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ გარემოებას წარმოადგენს. მართალია, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ კრძალავს კოორდინატორების მხრიდან მსგავსი საქმიანობის განხორციელებას, თუმცა სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჩამოყალიბებული მანკიერი პრაქტიკა ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის ბერკეტს წარმოადგენს და აღნიშნული საკითხი სამომავლოდ სათანადო რეგულირებას საჭიროებს, რათა ამომრჩევლის მხრიდან ნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში გამოხატვა იყოს უზრუნველყოფილი.
ამასთან, სახალხო დამცველს მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემოსათვის დამაზიანებლად მიაჩნია 19 მაისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობრივი ხასიათის არაერთი ინციდენტი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 2 შემთხვევასთან დაკავშირებით, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 5 პირი, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამასთან, ერთი არასრულწლოვანი პირი უთითებს, რომ სამართალდამცავმა პირებმა ის იძულებით ჩასვეს ავტომობილში და გადაიყვანეს განყოფილებაში. სახალხო დამცველი აგრძელებს სამართალდამცავი პირების მხრიდან გატარებული ღონისძიებების კანონიერების საფუძვლიან შესწავლას, მათ შორის აპარატის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და არასრულწლოვან პირთან დაკავშირებული საქმეები”, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.