"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) ინფორმაციით, მარნეულის #68-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში ოთხი ბიულეტენი ჩააგდო და უბნიდან ისე გაიქცა, რომ სავარაუდოდ თან წაიღო რამდენიმე ბიულეტენი.
ორგანიზაციის ცნობით, ამავე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა სხვა დარღვევებსაც.
"მარნეულის #68-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი სრულიად გაუმჭვირვალეა. კომისია იმგვარად არის განთავსებული სარეგისტრაციო მაგიდებთან, რომ პროცესზე დაკვირვება შეუძლებელია. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების უფლება შეუზღუდა. ამავე უბანზე, ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერინა, რაზეც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის რეაგირების შემდგომ, კომისიამ დამკვირვებლის უბნიდან გაძევების შესახებ ოქმის შედგენა განიზრახა", - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება".
ISFED-ი 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგს 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით, თორმეტივე საარჩევნო ოლქში ახორციელებს.