ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ. მისი თქმით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი, აქედან ზუგდიდში - 13, მარნეულში - 7, ზესტაფონში - 1, ხოლო ხულოში - 3.
„საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ ხარვეზებს. მაგალითად, დაფიქსირდა შემდეგი ხასიათის ხარვეზები:
№67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ცესკოს აკრედიტაციის გარეშე მედია წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ფაქტის დაფიქსირებისთანავე ყველა მათგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი.
№67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №82-ე საარჩევნო უბანზე მოხდა პროცედურული ხარვეზი საკონტროლო ფურცლის შევსებისას. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი, რომელიც არის თვითკოპირებადი, ერთი ასლის შევსების ნაცვლად, კომისიის წევრებმა შეავსეს ცალ-ცალკე და ორ მათგანს დაარტყეს ბეჭედი. თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, საკონტროლო ფურცელს არ ერტყმება კომისიის ბეჭედი. შედგა შესაბამისი აქტი და კომისია მოახდენს რეაგირებას. რაც მთვარია, გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ საკუთარი ნების გამოხატვას.
მარნეულში, 68-ე და 49-ე საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორმაციით, ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბნები კომისიის მუშაობის ხელის შეშლისა და სამაგიდო სიებში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მცდელობისთვის. 68-ე უბანი დაატოვებინეს დამკვირვებელს ორგანიზაცია „ერთობიდან“, ხოლო 49-ე უბანი - დამკვირვებელს ორგანიზაციიდან „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.