„სპეცოპერაცია დაიწყო ხელისუფლებამ,“ - ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდში, 21-ე უბანზე მისვლის შემდეგ გააკეთა, სადაც დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
გრიგოლ ვაშაძემ დეტალურად ისაუბრა იმ დარღვევებზე, რაც დილიდან ხდება ზუგდიდში. მისი თქმით, ფიქსირდება მოსყიდვის ფაქტები საარჩევნო უბნების წინ. ამას გარდა, ვაშაძის განცხადებით, უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტები იმყოფებიან.
„უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება რუხში. იცით, რომ დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, ასევე ზუგდიდის მე-9 უბანზე ტელეკამერებით მოსყიდვის ფაქტები, კოკში უკვე დაიწყეს კრიმინალებმა დაიწყეს ცემა-ტყეპა. მე-18 უბანზე 50 ბანდერლოგი კურსირებს და ალბათ, მითითება აქვთ მიცემული, როდის უნდა დაიწყონ. ისევ ჩაატარებენ სპეცოპერაციას“, - განაცხადა ვაშაძემ.